logo
ENG



ყაზახეთის შსს განადგურებით ემუქრება ყველას, ვინც "იარაღს არ დაყრის"

06 იან 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/06/40rif0yg6w8kzrh.jpg

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განადგურებით ემუქრება მათ, ვინც "იარაღს არ დაყრის". უწყების განცხადებას ყაზახური გამოცემები ტელეგრამარხებით ავრცელებენ.

შსს-ში ამბობენ, რომ ალმათიში დასრულდა "ტერორისტული სპეცოპერაცია". აქტივისტები და ჟურნალისტები ყვებიან, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 18 სამართალდამცავი კი დაიღუპა. ოფიციალური უწყებები დემონსტრანტების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

"რეგიონებში გაძლიერებულია პოლიციისა და ეროვნული გვარდიის პატრულირება. წესრიგის დამრღვევთა დაკავება, დამნაშავეების დადგენა და დაკავება მიმდინარეობს. იარაღის დაყრის მოთხოვნისას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს - მათ გაანადგურებენ", - აცხადებენ სამინისტროში.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა დახმარებისთვის მიმართა. პირველი რუსული დანაყოფები ქვეყანაში უკვე ჩაფრინდნენ

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა